ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის მობილიზაციის ფარგლებში, ანაკლიის პორტის საინვესტიციო ტერიტორიის სრული საზღვაო არეალი სპეციალისტებმა შეისწავლეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ტერიტორია მშენებლობისთვის უსაფრთხოდ გამოცხადდა.
აღნიშნულ სამუშაოების ჩასატარებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მსგავსი ტიპის ტექნიკურ სამუშაოებში გამოცდილი ბელგიური კომპანია „ადედე“ (Adede) მოიწვია. Adede-ს სპეციალისტებმა და მყვინთავებმა, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ საზღვაო აკვატორია და ზღვის ფსკერი შეისწავლეს.
ტექნიკური მოკვლევა საერთაშორისო სტანდარტების (IMAS) შესაბამისად ჩატარდა. სპეციალური მოწყობილობებით (სკანერი, gps, წყალქვეშა ქვიშის სატუმბი, წყალქვეშა დეტექტორი და სხვ.), სპეციალისტებმა ჯერ საზღვაო არეალი გამოიკვლიეს, სიგნალით დაფიქსირებული წერტილები კი ჩაყვინთვის შედეგად შეისწავლეს და მათი იდენტიფიცირება მოახდინეს.
სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომელიც სამუშაოების ხარისხიანად, უსაფრთხოდ და გეგმის მიხედვით წარმართვას მეთვალყურეობდა, რის შემდეგაც სამშენებლო პროექტის მთლიანი საზღვაო ტერიტორია გამოცხადდა უსაფრთხოდ.
მსგავსი ტიპის სამუშაოები 2017 წელს, სახმელეთო სამშენებლო პროცესის დაწყებამდე, ანაკლიის პორტის საინვესტიციო ტერიტორიის სახმელეთო ნაწილზეც ჩაატარა. სახმელეთო განაღმვითი პროცესი ჰუმანიტარული განაღმვის ბრიტანულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა“ (Halo Trust), „დელტას“ მონიტორინგის ფარგლებში შეასრულა.
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოების მოსამზადებელ პერიოდში, ასევე ჩატარდა პორტის აკვატორიის არქეოლოგიური შესწავლა: არქეოლოგებმა და მყვინთავებმა ანაკლიის პორტის საინვესტიციო საზღვაო ტერიტორიის ფსკერი გამოიკვლიეს. აღნიშნული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო ჯგუფმა “ლოკუს-მრჩეველმა“ ჩაატარა, რომლის სპეციალისტებმა ზღვის ფსკერი სპეციალური თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით (სონარი, სკანერი) შეისწავლეს. არქეოლოგების დასკვნით, ფსკერზე დაფიქსირდა ლითონის ელემენტები, ფრაგმენტები, ქვების ყრილები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობის ღირებულებას არ ატარებს.
პარალელურად, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე საზღვაო სამუშაოებისთვის მზადება და მძიმე ტექნიკის მობილიზაცია გრძელდება. ტექნიკით დატვირთული 2 გემის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ანაკლიისკენ უკვე გამოემართა „ვან ოორდის“ დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც ანაკლიაში უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოებს დაიწყებს.