ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარლის რაიონი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარლის რაიონიც დააზარალა.

დაზარალებულია ახალსოფელი, გავაზი, ბალღოჯიანი. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მალხაზ ხიზანიშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, 400-მდე ჰექტარის ფართობის ვენახი განადგურდა.

დაიტბორა რამდენიმე ათეული სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მისი ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დაითვლის. მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნიან. რა ფორმით მოხდება დაზარალებული გლეხების დახმარება, ამას ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტს.

წუხელ ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონის სოფლებიც დაისეტყვა. გურჯაანში დაზარალდა სოფლები - გურჯაანი, ახაშენი, ჭანდარი, ჩუმლაყი. ლაგოდეხის რაიონში კი – ვარდისუბანი, კარსუბანი, თამარიანი და ჩადუნიანი.

მოსახლეობის განცხადებით, მათ აგროკრედიტები აქვთ აღებული, ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ და ხელისუფლებას კრედიტების გადავადებას სთხოვენ.