ბიოპროდუქციის მწარმოებელთა ქვეყნების რიცხვს მალე საქართველოც შეუერთდება.როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან იუწყებიან, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლება მიმდინარე წლიდან დაინტერესებულ მხარეებს ბიომეურნეობის დაგეგმვა, მართვის და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების სწავლებას სთავაზობს.
ცენტრის განცხადებით, ბიოპროდუქტი არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულიდან წარმოებული პროდუქტია, არამედ, პირველ რიგში, არის უვნებელი პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მკაცრი კონტროლი და რომლის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია ხდება მხოლოდ სპეციალური მოთხოვნების დაცვით.
„ბიოპროდუქტის წარმოება ხდება მხოლოდ ბიოსტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, სინთეზური პესტიციდების გარეშე; სინთეთიკური საკვებ-დანამატების გარეშე; ზრდის რეგულატორების გარეშე; ხელოვნური კონსერვატების, საღებავების და არომატიზატორების გარეშე; ქიმიური დანამატების გარეშე; გენური ინჟინერიის მიღწევების გარეშე. ორგანული სოფლის მეურნეობის, როგორც დამოუკიდებელი მიმართულების ფორმირება მოხდა მე-19 საუკუნის დასაწყისში. ცნება პირველად, 1940 წელს, შემოიტანა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორდ ნორტბორნმა, ერთ-ერთი ფუძემდებელი ინგლისელი ბოტანიკოსი ალბერტ ჰოვარდია, ხოლო განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუდოლფ შტაინერმა, ევა ბალფურმა, იაპონელმა ფერმერმა მასანობუ ფუკუოკამ და სხვა“, – აცხადებენ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, თანამედროვე მსოფლიოში ბიოპროდუქციის ძირითადი მწარმოებელ ქვეყნებს შორის ლიდერობს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე წელია საქმიანობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორისა ბიოპრეპარატების მწარმოებელი საწარმოები. სფეროს არეგულირებს შესაბამისი კანონმდებლობა - 2013 წლის მთავრობის N198 დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 აგვისტოდან. შემუშავებულია ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების და გასაღების სტანდარტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში შექმნილია ბიოაგროწარმოების სამსახური.
„2017-2018 წლებში შემუშავებული და ამჯერად უკვე დამტკიცებული „ბიომეურნეობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი კომპეტენტური კადრების მომზადების საფუძველია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაცვით შეძლებს ბიოპრუდუქტის წარმოებას. სწავლება წარიმართება დაახლოებით ორი-სამი წლის განმავლობაში და ძირითადად დაეფუძნება პრაქტიკულ მეთოდს. ბიომეურნეობის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა, არსებული პოტენციალი, რესურსების რაციონალური გამოყენება და სფეროში კომპეტენტური კადრის აღზრდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა საქართველომ თანამედროვე მსოფლიოს ბიოპროდუქციის მწარმოებელ ქვეყნებს შორის დაიკავოს ღირსეული ადგილი“, – აცხადებენ ცენტრში.