საწვავი კიდევ გაძვირდა

ბოლო რამდენიმე დღეა საწვავი ფასი საქართველოში კვლავ გაიზარდა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საწვავი გაძვირდა როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ სადგურებზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის ფასები 2-3 თეთრით არის დაკორექტირებული. ამასთან, როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საწვავი ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგიერთმა კომპანიამ გააძვირა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ფასების მატების ტალღა სხვა კომპანიების მიერაც გაგრძელდება.

„ფასები 2-3 თეთრით არის დაკორექტირებული და ეს ყველა ოპერატორს არ შეხებია. ამ ეტაპზე გაძვირება მოხდა ზოგიერთი, როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული კომპანიის მიერ. რაც შეეხება მიზეზებს, საწვავის ფასზე 2 ფაქტორი მოქმედებს. 1-ლია ის, რომ სერთაშორისო ფასები პლატცის მიხედვით გაზრდილია და ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. ხოლო მე-2 ამ ეტაპზე გაცილებით უფრო პრობლემური საკითხი არის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. მოგეხსენებათ, 1-ლი აგვისტოს შემდეგ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული. სწორედ ამ ფაქტორების გავლენაა ის, რომ ამ დღეებში 2-3 თეთრით გაიზარდა საწვავის ფასი და ასევე, ეს იქნება განმაპირობებელი, რომ უახლოეს პერიოდში ფასების მატების ტალღა უკვე სხვა კომპანიების მიერაც გაგრძელდება,“-აღნიშნა მთვრალაშვილმა.