პაშინიანმა რუსეთში მყოფ სომეხ ბიზნესმენებს სომხეთში ინვესტირებისკენ მოუწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთში სომხური წარმოშობის ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, მათ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოვახდინეთ ფაქტის კონსტატაცია, რომ სომხურ-რუსულ ურთიერთობებში არ არსებობს არანაირი პრობლემა და ყველა საკითხზე გვაქვს აზრთა თანხვედრა. შეხვედრისას ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ეს კარგი იმპულსია იმისთვის, რომ თქვენ ჩადოთ ახალი ინვესტიციები სომხეთის ეკონომიკაში,“ - განაცხადა სომხეთის ხელისუფლების მმართველმა.

პაშინიანის განცხადებით, სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო აგრარულიდან ტექნოლოგიურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი.

„ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობის ჩარჩოებში. ჩვენ უნდა შევქმნათ ურთიერთდახმარების ატმოსფერო და განვავითაროთ ჩვენი სამშობლო“ - დასძინა პაშინიანმა.

ნიკოლ პაშინიანი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კოკა კვირკველია