საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღება მოხდება.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.
პროექტი ავტოსადგურების სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამასთან, პროექტით ხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად.
„მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ გადამზიდველის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პროექტით დადგენილია სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში,“-აღნიშნულია პროექტში.