კომპანია Alibaba-ს თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ჯეკ მა თანამდებობიდან მიდის.როგორც The New York Times წერს, ჯეკ მა ქველმოქმედებით და საგანმანათლებლო პროექტებით დაკავდება. გარდა ამისა, ის შეინარჩუნებს ადგილს დირექტორთა საბჭოში და დარჩება კომპანიის მრჩევლად.
ჯეკ მა კომპანიიდან ეტაპობრივად მიდის, მან კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წელს დატოვა, თუმცა ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას კომპანიის მუშაობაში და გეგმავდა მის გრძელვადიან სტრატეგიას. ამ დროისთვის ის კომპანიის 6,4%-ის მფლობელია.
როგორც ცნობილია, ჯეკ მამ Alibaba 17 კომპანიონთან ერთად 1999 წელს დააარსა. მცირე და საშუალო ბიზნესის პატარა სავაჭრო მოედნიდან, კომპანია უმსხვილეს მოთამაშედ გადაიქცა გლობალურ ინტერნეტ კომერციაში. გარდა ამისა, კომპანია დაკავებულია ონლაინ ბანკინგით, ღრუბლოვანი გამოთვლებით, ციფრული მედიითა და გართობის სფეროებით. მას საკუთარი წილი აქვს ჩინეთის რამდენიმე წამყვან მედიასაშუალებაში, მათ შორის სოციალურ ქსელ Weibo-ში (Twitter-ის ჩინური ანალოგი) და ინგლისურენოვან გაზეთ The South China Morning Post-ში.
გასულ თვეში კომპანიამ კვარტალური გაყიდვების 60%-იანი ზრდის შესახებ გამოაცხადა, შემოსავლების ზრდის შემცირების მიუხედავად. კომპანიის წლიური შემოსავალი 250 მილიარდი იუანია, ანუ 40 მილიარდი დოლარი.
კოკა კვირკველია