Apple სამართალდამცავებთან თანამშრომლობას იწყებს

კომპანია Apple გეგმავს შექმნას სპეციალური პორტალი სამართალდამცავი ორგანოებისთვის, საიდანაც ისინი შეძლებენ კომპანიას მიმართონ ოფიციალურად, კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ქეით ადამსის მიერ დემოკრატი სენატორის, შელდონ უაიტჰაუსისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს.

წერილში ადამსი აზუსტებს, რომ კომპანია გეგმავს ჩაუშვას ინსტრუმენტი განაცხადების მისაღებად წლის ბოლომდე, ასევე მუშაობს ჯგუფის ფორმირებაზე, რომელიც დაკავდება პოლიციელების განსწავლით. კონკრეტულად კი მათ განემარტებათ, რა ტიპის მონაცემების მიწოდება შეუძლია კომპანიას პოლიციისთვის განაცხადის შემთხვევაში. ამ დროისთვის სწავლება უკვე გაიარა რამდენიმე ათასმა ოფიცერმა, ძალიან მალე კი კომპანია ონლაინ სწავლების პლატფორმას აამოქმედებს და ისევე როგორც ახალი პორტალი, ისიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ადამსი წერილში წერს, გასულ წელს კომპანიამ სამართალდამცავებისგან მიიღო 14 ათასი მოთხოვნა, აქედან 231 უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვდა და კომპანიამ ეს მონაცემები 20 წუთში დაამუშავა.

კოკა კვირკველია