მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის  60 მილიონი დოლარი გამოიყოფა

საქართველოს მთავრობა რეგიონალური განვითარების კიდევ ერთ, მესამე პროგრამის განხორციელების ირგვლივ მოლაპარაკებებს იწყებს.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო და საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს დაევალა.

"საქართველო წარმატებით ახორციელებს რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პროგრამას, ესაა კახეთის პროექტი. ამას გარდა, ამ დროისთვის მუშაობს იმერეთის პროექტიც. ასევე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა განხორციელდეს მესამე ასეთი პროექტი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე განცხადებით, ახალი პროექტი ორ რეგიონს – მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს მოიცავს და მისი განვითარების ფარგლებში, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ჩადება მოიაზრება.  "საუბარია პროექტის განხორციელებაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.