„ანაკლიის განვითარების კონსორიცუმის“ (ADC) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის პროექტის „ზრდა“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმების მიხედვით, ADC-ი და USAID-ის პროექტი „ზრდა“ განახორციელებენ 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ანაკლია/ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის.
ADC -ის ცნობით, ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც ანაკლიის პორტის, ისე სხვა სამუშაო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა. მათივე ცნობით, პროექტში USAID-ის პროექტი „ზრდა“ 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს, ისევე, როგორც მასში 1 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით მონაწილეობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ADC-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, „ეს პარტნიორობა განასახიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ჩართულობას საქართველოს რეგიონის გაძლიერებაში“.
„ის, ასევე წარმოადგენს ჩვენს განზრახვას, კერძო სექტორთან ერთად ჩავერთოთ ჩვენი ერთობლივი მიზნების მისაღწევად. მოხარულნი ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთი გამორჩეული ხედვისა და ამბიციის მქონე ქართულ-ამერიკულ კერძო პარტნიორებთან, როგორებიც არიან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წევრები. საერთაშორისო დონორები და მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საფუძველის ჩაყრაზე მუშაობენ, ხოლო კერძო სექტორის ჩართულობა მის მდგრადობას და ხანგრძლივობას უზრუნველყოფს“,- აცხადებს ვიბლერი.
ADC-ის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, „ანაკლიელების და რეგიონის ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობა, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყების დღიდან, მათი ერთ-ერთი უმთავრესი სურვილი და მიზანია“.
მოხარულნი ვართ, რომ ამ ახალი, მნიშვნელოვანი პროექტით და USAID-ის პროექტ “ზრდასთან“ პარტნიორობით, ჩვენ ამ მისიას მასშტაბურად განვახორციელებთ. მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს და აშშ-ის მთავრობას ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ჩართვისათვის და მთლიანობაში, ანაკლიის განვითარებასა და ჩვენი პროექტის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ADC -ის მიხედვით, „ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიისა და მეზობელ სოფლებს ასევე დაეხმარება, მომზადებული შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სთავაზობს. ანაკლიის პორტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ავითარებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მოიაზრება, როგორც საქართველოს შესაძლებლობა გახდეს რეგიონული და ეკონომიკური კვანძი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ღრმაწყლოვანი პორტი პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება, ეს პერიოდია გათვალისწინებული USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განვითარებისთვისაც.