მამუკა ხაზარაძის თქმით, ჭარბვალიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციებია

მამუკა ხაზარაძის თქმით, ჭარბვალიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციებია.„როცა ვსაუბრობთ საფინანსო სექტორზე, ყველას პირველ რიგში თავში სამწუხაროდ, ბანკები მოსდის. თუმცა, მილიარდნახევარზე მეტი ლარის სესხია გაცემული, არანორმალურად მაღალი პროცენტით ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ. ამ სფეროს რეგულაცია ბოლო პერიოდში დაიწყო. ჩემი აზრით, როცა ჭარბვალიანობაზეა საუბარი, მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ უკონტროლოდ ხორციელდებოდა ასეულ პროცენტიანი კრედიტების მხოლოდ პასპორტის ნომრით გაცემა და კარგია, რომ ამის დარეგულირება დაიწყო,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები შეიცვალა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე შემცირდა. ამასთან, შეიცვალა ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობაც. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

ქრისტინე გამთენაძე