საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანელიძის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 3 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 19%-ით გაიზარდა და 933 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის იანვარ-მაისში (ექსპრეს-მონაცემები) საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 4 498 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და 1 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით არის გაზრდილი და 3 322 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, 2014 წლის იანვარ-აპრილს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 14%-ით გაიზარდა, 897 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 26% დაიკავა: ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, 194 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 21% დაიკავა; იმპორტი 7%-ით გაიზარდა, 703 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი იმპორტის 28% დაიკავა.

რაც შეეხება დსთ-ს, 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან 18%-ით გაიზარდა, 1 169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 34% დაიკავა: ექსპორტი 19%-ით გაიზარდა, 510 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 55% დაიკავა; იმპორტი 17%-ით გაიზარდა 659 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი იმპორტის 26% დაიკავა. საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა) 79 ქვეყნით განისაზღვრა.