"თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლო საგზაო სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებ"

თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლო საგზაო სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა იმაზე, შესაძლებელია თუ არა თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდეს.

კალაძის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები თბილისში არასდროს განხორციელებულა. მისი თქმით, საგზაო სამუშაოების დროს მათ სხვადასხვა ქუჩებზე ასევე საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყლის მომარაგების და სხვა სახის პრობლემების მოგვარება უწევთ.

შესაბამისად, კალაძის განცხადებით, იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, 15 სექტემბრამდე გზის საფარის პირველი ფენა დაიგება, ხოლო შემდეგ, რამდენიმე დღეში – ასფალტის მეორე ფენა.

„ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს და საცობები ნორმალურია. ამ მასშტაბის სამუშოები არასდროს ჩატარებულა. თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, შევძლო საცობების გარეშე ამ სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებდი“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, საგზაო სამუშაოების პარალელურად დაიწყებს თუ არა მერია თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ხომ არ შეექმნებათ ამის გამო გადაადგილების პრობლემები მგზავრებს, კალაძემ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მეტროსადგურებშიც დაიწყებენ, თუმცა ამისთვის ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტროსადგურებში აუცილებლად დავიწყებთ. ველოდებით სამხარაულიდან კონკრეტულ პროექტებზე დასკვნას. მგზავრებს, რა თქმა უნდა, გადაადგილებაში ხელს არ შევუშლით, რადგან შესაძლებელია, რომ სამუშაოები ღამითაც განხორციელდეს“, – განაცხადა მერმა.