ვინ არიან ქართული ტელევიზიების რეალური მფლობელები, რა ბიზნესინტერესები აქვთ მათ და ატარებენ თუ არა რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური თუ ბიზნესდაჯგუფების ინტერესებს - ეს კითხვები დღესაც აქტუალურია. გადავხედოთ, თუ რა ხდება საქართველოს წამყვან ტელევიზიებში.ჰოლდინგი „იმედი“
„ეს ჰოლდინგი აერთიანებს ტელეკომპანია „იმედს“, „მაესტროს“ და GDS-ს.
ტელეკომპანია „იმედი“ - ამ ტელევიზიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე არის მაღალ სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, მისი მოადგილე კი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძეა. ირაკლი რუხაძე საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენია და მსხვილი ბიზნესინტერესები აქვს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ის „იმედის“ პარალელურად, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის. ასევე მართავს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სხვა აქტივებსაც. მან რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სურს „ქართუ ბანკის“ შეძენა. 2018 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსს“, რომლის მმართველი პარტნიორი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, „იმედის“ 100%-იანი წილის შეძენა სურდა. რუხაძემ ამის შესახებ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „მსჯელობა მიმდინარეობს“. როგორც ჩანს, საბოლოო შეთანხმება ვერ ან არ შედგა, რადგან ამ დროისთვის „იმედის“ 100%-იან წილს კვლავ ინა გუდავაძის კომპანია ფლობს.
„მაესტრო“ - დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს ოფიციალურად კვლავ გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) ფლობს, ინა გუდავაძეს კი მხოლოდ 25% ეკუთვნის. თუმცა, რეალურად “მაესტროც” ირაკლი რუხაძის მმართველობის ქვეშაა.
„ჯი-დი-ესი“ ჰოლდინგ “იმედის” მესამე ტელევიზია. ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ინა გუდავაძის კომპანიაა. მანამდე ტელეკომპანიის ერთადერთი მფლობელი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი იყო.
„რუსთავი 2“
“რუსთავი 2”-ის მფლობელები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები არიან. დღეს ამ ტელეკომპანიაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეს ნიკოლოზ ნაყოფიას - „ნაცმოძრაობის“ წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილს. „რუსთავი 2“-ში მსხვილი წილის მფლობელებად რჩებიან მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ძმები - ლევან და გიორგი ყარამანიშვილები. ნიკოლოზ ნაყოფიას ბიზნესი ტურიზმის სფეროშიც აქვს, მამამისს კობა ნაყოფიას კი ბიზნესინტერესები ოქროსა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კომპანიებში ჰქონდა და დღეისათვის ერთ-ერთ მსხვილ ქართველ ბიზნესმენად ითვლება. ყარამანიშვილებს ბიზნესის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აქვთ. რაც შეეხება საქართველოს, მათ სახელს უკავშირდებოდა ბიზნესინტერესი ფიჭურ და ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებში.
„იბერია“
ტელეკომპანია "იბერიის" მეპატრონე თამბაქოს მაგნატი ზაზა ოქუაშვილია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „იბერიას“ ზაზა ოქუაშვილის შვილების კომპანია ფლობს. ზაზა ოქუაშვილის ძირითადი ბიზნესი საქართველოში თამბაქოს იმპორტი და წარმოებაა. არის “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი. გარდა ამისა, ის „პატრიოტთა ალიანსიდან“ აჭარის უზენაესი საბჭოს წევრია. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე კი ამავე პარტიიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.
„პალიტრანიუსი“
„პალიტრანიუსი“ ჰოლდინგ „პალიტრამედიას“ შემადგენლობაში შედის, რომლის მფლობელები ირაკლი თევდორაშვილი და ზაზა ბუაძე არიან. „პალიტრამედიას“ საქმიანობის მთავარი სფერო მედიაბიზნესია. მასში ტელევიზიის გარდა, შედის რადიო, გაზეთები, ჟურნალები და ვებ-საიტები. ასევე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”.
“ტვ პირველი“
„ტვ პირველი“ ბიზნესმენ ავთო (ჭუტა) წერეთლის სახელს უკავშირდება, თუმცა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ტელევიზიის 100%-იან წილს მისი შვილი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი ფლობს. ავთო წერეთელს და მის ვაჟს რამდენიმე ბიზნესი ეკუთვნით, მათგან ყველაზე მთავარი თამბაქოს ბიზნესია. იხილეთ სრულად