„ჯეიპი მორგანი“ - სავაჭრო ომი ჩინეთს 700 000 სამუშაოს დაკარგვად დაუჯდება

„ჯეიპი მორგანის“ გათვლებით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სატარიფო ჭიდილი, ჩინურ მხარეს 700 000 სამუშაო ადგილის დაკარგვად დაუჯდება. ვითარების შემდგომი გამწვავების შემთხვევაში, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

სამუშაოების დაკარგვა სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა, თუ შეერთებული შტატები, 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე, საბაჟო ტარიფს 25 პროცენტამდე გაზრდის, ამის პასუხად კი ჩინეთი თავის ვალუტას 5 პროცენტით გააუფასურებს და ამერიკულ პროდუქციასაც დამატებითი გადასახადებით დატვირთავს.

იმავე კვლევის შესაბამისად, რომელიც „ჯეიპი მორგან ჩეიზის“ ეკონომისტთა ჯგუფმა შეასრულა, თუ ჩინეთი საპასუხო ზომებს არ განახორციელებს, მაშინ გაცილებით მეტს - 3 მილიონ სამუშაო ადგილს დაკარგავს.

კვლევა, რომელსაც კომპანიის წამყვანი ეკონომისტი ჰაიბინ ჟუ უძღვებოდა, ასევე მოწმობს, რომ თუ ამერიკა ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე ტარიფს 25 პროცენტამდე აწევს, ამას კი ჩინეთი დაპირებული ზომებით უპასუხებს, ეს ყველაფერი, მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკას, 5.5 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვად და მშპ-ს 1.3 პროცენტით შემცირებად დაუჯდება. ეს უდიდესი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკის ზრდის ტემპიც შენელდა და რომელსაც უზარმაზარი ვალი დაუგროვდა.

კვლევა ამ სიტუაციაში შესაძლო გამოსავალსაც ასახელებს - ყველაზე ეფექტურად, იუანის გაუფასურება იმუშავებს. კერძოდ, თუ 2019 წელს ინფლაცია 12 პროცენტით გაიზრდება, ეს თითქმის გადაფარავს ტარიფების ომის მშპ-ზე უარყოფით ზემოქმედებას და შეამცირებს სამუშაო ადგილების შემცირების პროცესს. შედეგად, ქვეყანა „მხოლოდ“ 0.9 მილიონ სამუშაო ადგილს დაკარგავს.

მაგრამ ამასაც ექნება თავისი უარყოფითი მხარე: ასეთი მასშტაბური ზომების მისაღებად, ჩინეთს საკუთარი სავალუტო რეზერვებიდან, 332 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ამას კი მონეტარული პოლიტიკის გამტარებლები მოერიდებიან, რადგან მათ მსგავსი ვითარება, 2015 წლის სააქციო ბაზრის მასობრივი გაუფასურებისას გამოსცადეს.

მერაბ ლორთქიფანიძე