იაპონიაში ტაიფუნმა „ფერარის“ 51 სუპერ ავტომობილი გაანადგურა

ტაიფუნმა „ჯებმა“, რომელიც იაპონიას თავს წყნარი ოკეანედან დაატყდა, „ფერარის“ ერთ-ერთ ადგილობრივ დილერს, რომლის შოურუმიც კუნძულ როკოზეა განლაგებული, 51 ცალი იტალიური სუპერ ავტომობილი დაუზიანა.შოურუმი ზღვის წყალმა დატბორა.

კომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ყველა დაზიანებული ავტომობილი უტილიზაციას ექვემდებარება. ამის მიზეზი ისაა, რომ ზღვის წყალმა ძრავებში შეაღწია, რაც მათ იმდენად აზიანებს, რომ გარემონტება შეუძლებელია. წინასწარი დაანგარიშებით, ზარალი მილიარდ იენს აღწევს.

„ჯები“ 21-ე ტაიფუნია, რომელმაც იაპონიის თავზე ამ სეზონზე გადაიარა და ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ის ყველაზე მძლავრი იყო. ციკლონის დროს, ქარის სიჩქარე საათში 162 კილომეტრს აღწევდა. სადილერო კომპანიამ ყველა ზომას მიმართა, რათა შოურუმი მასში ზღვის წყლის შეღწევისგან დაეცვა. მაგრამ ეს არ მოხერხდა და წყალმა დარბაზი ერთი მეტრის სიმაღლეზე დატბორა.

ამ დროს, იქ „ფერარის“ 53 ავტომობილი იდგა, რომელთაგან 51 წყალმა თითქმის სრულად დაფარა. კომპანია იმედოვნებს, რომ ზარალის ნაწილს დაზღვევა დაფარავს.