პროკურატურა კალათბურთის ფედერაციაში გამოძიების მიმდინარეობას ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“ (ifact.ge) ავრცელებს.
მათი ცნობით, უწყებაში დაუდასტურეს, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანეთის კლუბ „ბასკონიას“ შორის დადებული ხელშეკრულების საქმეს პროკურატურა იძიებს.
ფედერაციამ 2014 წლის 24 სექტემბერს ესპანურ კლუბ “ბასკონიასთან” 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ფედერაცია ამ წლების განმავლობაში კალათბურთის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15 პროცენტს ესპანეთში გზავნის. შეგახსენებთ, რომ ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ხელშეკრულების ღირებულება 2,5 მილიონი ევროა. ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოში ყოველწლიურად ე.წ. საკალათბურთო „კემპი” იმართება, სადაც საუკეთესო ბავშვებს არჩევენ და საწვრთნელად ესპანეთში გზავნიან. ამავე თანხით ქართველი მწვრთნელებიც უნდა გადამზადდნენ ესპანეთში.
ხელშეკრულების თანახმად, თუ 2024 წლამდე “ბასკონიაში” გაგზავნილი ქართველი კალათბურთელები სხვა დიდ კლუბებთან პროფესიონალურ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, ქართული და ესპანური მხარეები სატრანსფერო თანხას თანაბრად გაიყოფენ.
“ბასკონიას” პროგნოზით, დაფინანსებულთაგან რამდენიმე კალათბურთელი ოდესმე ესპანეთის ტოპ-დივიზიონებში ან NBA-ში ითამაშებს. მათი გაყიდვებიდან კი, ესპანელების გათვლით, საქართველო 3.9 მილიონ ევროს მიიღებს.
თუმცა, “აი, ფაქტის” გამოძიებამ აჩვენა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კალათბურთელები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, შეიძლება, არც გაიყიდონ. შესაბამისად, ამ პროექტიდან მოგების მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. კონტრაქტი 2019 წელს სრულდება, თუმცა, საქართველოს ამ დრომდე რომელიმე კალათბურთელის გაყიდვიდან წილი არ მიუღია.
მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა, 2018 წლის 26 თებერვალს მიმართა.
“ბასკონიას” მიერ მომზადებულ ანგარიშში ლუკა ბულაშვილი სახელმწიფოსგან დაფინანსებულად იყო მოხსენიებული, მაშინ, როცა მისი სწავლის ღირებულება, 17,000 ევრო და ესპანეთში ცხოვრების პირველი წლის ხარჯები, 8,000 ევრო მამამისმა, ლევან ბულაშვილმა გადაიხადა.
წყარო: ifact.ge