2018 წლის ექსპორტის სეზონი 588.3 გვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 თვის მონაცემებით, ექსპორტი 9.9%-ით შემცირდა.ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი. თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, თანხობრივ გამოსახულებაში ექსპორტი წლიურად 13.8%-ით გაიზარდა და 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირების მიზეზად კვლევაში რამდენიმე ფაქტორია დასახელებული, კერძოდ: წინა წელს ექსპორტის მაღალი ბაზა, ენგურის ავარიული გათიშვა 2018 წლის მაისში და მასთან დაკავშირებული ექსპორტის შეწყვეტა, ექსპორტიორი კომპანიების მიერ, ნებაყოფლობით გაყიდული ელექტროენერგია ადგილობრივ ბაზარზე თურქეთის ბაზრის ნაცვლად, იქ არსებული დაბალი ფასების გამო.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ექპორტის წლიურ მაჩვენებელს, კვლევის მიხედვით, 2018 წლის ივლისში 40.5%-ით შემცირდა და ქსელში მიწოდებული ენერგიის 10.4% შეადგინა.
„ივლისის თვეში განხორციელებული 132.0 გვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტიდან ნახევარზე მეტი (52.2%) განხორციელდა თურქეთის მიმართულებით (-40.5% წ/წ), ხოლო დანარჩენი - რუსეთის (მთლიანი ექსპორტის 33.3%), სომხეთის (მთლიანი ექსპორტის 7.6%) და აზერბაიჯანის (მთლიანი ექსპორტის 6.9%) მიმართულებით გადანაწილდა. ექსპორტის 70% განახორციელა ესკომ (ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართულებებით. 2018 წლის ივლისის თვეში კერძო ექსპორტიორები იყვნენ მხოლოდ სსეკი (სომხეთის მიმართულებით) და საქართველო-ურბან ენერჯი (თურქეთის მიმართულებით)“,-ნათქვამია კვლევაში.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის ძირითადი ექსპორტიორი იყო ესკო (მთლიანი ექსპორტის 64.6%), რომელმაც ელექტროენერგია გაყიდა რუსეთში და აზერბაიჯანში, აგრეთვე ექსპორტი განახორციელა თურქეთის მიმართულებით, უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ელექტროენერგიის იმპორტის სანაცვლოდ.
რაც შეეხება სხვა ექსპორტიორებს, ესენი იყვნენ, საქართველო-ურბან ენერჯი (თურქეთის მიმართულებით), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სომხეთის მიმართულებით), ენგურჰესი (სომხეთის მიმართულებით) და აჭარ ენერჯი 2007 (თურქეთის მიმართულებით).
„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 7 თვეში ექსპორტის მოცულობა რაოდენობრივად შემცირდა, თანხობრივ გამოსახულებაში ექსპორტი წლიურად 13.8%-ით გაიზარდა და 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს აიხსნება იმით, რომ წელს ექსპორტი უფრო მაღალანაზღაურებადი მიმართულებებით განხორციელდა, მაშინ როცა შარშან ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო (სადაც დაბალ ფასად იყიდება ენერგია). 2018 წლის 7 თვეში ელექტორიენერგიის სავაჭრო დეფიციტმა შეადგენა 11.8 მლნ აშშ დოლარი, რაც წლიურად 40.8%-ით არის შემცირებული“,-ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.