ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდანვე ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს კომპანია ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივი წარმოებაა, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში „ომეგა ჯგუფი“ ბოროტად სარგებლობდა იმ ლოიალობით, რასაც მის მიმართ სახელმწიფო იჩენდა.
„ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდანვე ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს კომპანია ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივი წარმოებაა, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი. თითქმის ბოლო 3 წლის განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა იმ ლოიალობით, რომელსაც მათ მიმართ იჩენდა სახელმწიფო და წლიდან-წლამდე ვალს ზრდიდა მნიშვნელოვნად. შესაბამისად ის, რომ მისი დამფუძნებელი ყოფილ ან არსებულ თანამშრომელთან რას საუბრობს, (ტელეფონით თუ არ ვიცი სად არის ჩაწერილი), ვერანაირად ვერ გამოდგება იმის გამართლებად, რომ არ იხდიდნენ გადასახადს, ვერ გამოდგება შანტაჟის საშუალებად, საუბრის შინაარსის მიუხედავად. ლევან ყიფიანი ყოფილი თანამშრომელია თუ ახლანდელი არ ვიცი, მაგრამ „ომეგა ჯგუფის“ სახელით მოღვაწეობდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დაუკმაყოფილდა კომპანიას რესტრუქტურიზაციაზე მოთხოვნა, მინისტრმა უპასუხა, რომ სახელმწიფომ მას უკეთესი რამ გაუკეთა. მისივე თქმით, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს მხოლოდ საბაბია.
„რესტრუქტურიზაციის იდეა არის ის, რომ გაუყინო ვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას პროცენტები არ ერიცხება. რესტრუქტურიზაციაზე როდესაც გამოდის საკითხი, უნდა ინახოს რა პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს. „ომეგა-ჯგუფი“ რესტრუქტურიზაციაზე რომც გამოსულიყო იმ მაჩვენებლებით, მათ რესტრუქტურიზაცია არ ერგებოდათ. ზუსტად ამიტომ სახელმწიფომ დახუჭა თვალი და გრაფიკი შესთავაზა. გრაფიკის შემთხვევაში, კი ბატონო, საურავი ერიცხება, მაგრამ იმ შემთხვევაში ერიცხება პროცენტი. ჩვენ რესტრუქტურიზაციაზე უკეთესი რამე გავუკეთეთ. არც იხდიდა იმ საურავებს. ამ შემთხვევაში, საოპერაციო თვალსაზრისით, მათ არაფერი ტვირთი არ ჰქონიათ. ახლა ერთადერთი შეგვიძლია დავთვალოთ საურავი უფრო მეტი გამოვიდოდა თუ რესტრუქტურიზაციაზე პროცენტი და განსხვავება ვთქვათ, რომელსაც მაინც არ იხდიან. რა აზრი აქვს ამაზე საუბარს, ეს ხომ საბაბია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.