საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით წარმოება უნდა დაიწყოს.
Allnews.ge დაინტერესდა, რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანა, როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით, რომელ ქვეყნებშია დასაშვები მისი კულტივაცია, სად ხდება კანაფის ყველაზე დიდი რაოდენობის წარმოება და რომელ ქვეყნებს გააქვთ იგი ექსპორტზე.
მარიხუანას ლეგალურობის საკითხი სამედიცინო და გასართობი მიზნით მისი ფლობის, მოხმარების, დისტრიბუციისა და კულტივაციის მხრივ ქვეყნების მიხედვით იცვლება. ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალებების გაეროს ერთიანი კონვენციით რეგულირდება, რომლის რატიფიცირებაც 1961 წელს მოხდა, მასთან ერთად 1971 წლის ფსიქოტროპული საშუალებების კონვენციითა და 1988 წლის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლის კონვენციით.
გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება აკრძალულია ქვეყნების უმეტესობაში, თუმცა ბევრ სახელმწიფოში დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა მოქმედებს. აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელი აქვთ, სადაც მარიხუანას სულ მცირე დოზის ფლობისთვისაც კი ადამიანს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქვეყნები, სადაც გართობის მიზნით მარიხუანა ლეგალიზებულია, არის კანადა, საქართველო, ურუგვაი, ამერიკის 9 შტატი და კოლუმბიის ოლქი.
ნიდერლანდებსა და ესპანეთში კი მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.
გაცილებით მრავალფეროვანია იმ ქვეყნები ჩამონათვალი, სადაც კანაფი სამედიცინო დანიშნულებით არის ლეგალიზებული.
ავსტრალია, არგენტინა, იამაიკა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, ნორვეგია, შვეიცარია, პორტუგალია, პერუ, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო და ზიმბამბვე -
ის ქვეყნებია, სადაც სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.
ფინეთში მარიხუანა სამედიცინო დანიშბულებით ლეგალურია მხოლოდ ლიცენზიით, კვიპროსზე კი მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო დანიშნულებით არის დასაშვები. დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, გაცილებით უფრო მკაცრი კანონი აქვთ, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი კანაბინოიდური ნარკოტიკების მოხმარების ნებას რთავს, როგორიც სატივექსი და მარინოლია. კითხვის გაგრძელება