ეკონომიკის სამინისტროში კომპანიის Jumeirah Group წარმომადგენლები მიიღეს

საერთაშორისო კომპანია Jumeirah Group წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა საერთაშორისო კომპანიის - Jumeirah Group დელეგაცია მიიღეს, რომელიც საქართველოში ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის შესასწავლად და აღნიშნულ სექტორში შესაძლო ინვესტირების მიზნითაა ჩამოსული.

საერთაშორისო კომპანია Jumeirah Group წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელს, რომლის სათაო ოფისი დუბაიში მდებარეობს და დუბაის ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. მათ ტურიზმის ბიზნესი აქვთ ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. Jumeirah Group გეგმავს საკუთარი ბიზნესის გაფართოებას და მუშაობს პროექტებზე შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ტაილანდი, მოროკო და სხვა.

კომპანიის დელეგაცია საქართველოში 20 ივნისამდე დარჩება და საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაათვალიერებენ ბათუმს, ბორჯომს და შეისწავლიან წყალტუბოს კურორტის პოტენციალს.