ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018-ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან.
სამინისტროს განმარტებით, ამ დოკუმენტების თანახმად, ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიისა და ხორვატიის, ან ამ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
მემორანდუმს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორმა რეინჰარდ კლინგენმა.
“ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის სწავლებასა და მომზადებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მოიტანს იმ შედეგებს, რომ საქართველო თავისი პირადი შემადგენლობით, მეზღვაურებით და საზღვაო სფეროში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო სტანდარტებზე და ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა რეინჰარდ კლინგენმა.