„2019 წლიდან ამოქმედდება პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს"

2019 წლიდან ამოქმედდება პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა.

მისი თქმით, პარკირების ახალი მოდელი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა.

„ახალი მოდელი ითვალისწინებს ზონალურ პარკირებას, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებული გვაქვს და გადავუგზავნით პარლამენტს. მგონია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ნაწილი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ წარმოვადგინეთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა პარკირების პროცესში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა, მათ შორის შეეხო პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას, რაც კალაძის შეფასებით, კანონდარღვევაა.

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს აღნიშნულ საკითხზე რეაგირება დაავალა.

„ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ მისაბმელიანი მანქანები უყენიათ საპარკინგე ადგილებზე და იქ აქვთ მოწყობილი ხშირ შემთხვევაში ტურისტული კომპანიები, ვიზების გაცემაც ხდება ხშირ შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი თავისი შინაარსით არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. ესეც, კანონით თუ მივუდგებით შეზღუდულია, შესაბამისად, აქაც რეაგირება განახორციელეთ, იმოქმედეთ, რომ ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა ისარგებლონ მუნიციპალური პარკინგით. ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაიმე ხარვეზი გამონახა კანონში ამ ამ თვალსაზრისით და შეუძლია მისაბმელიანი ავტომობილით დადგეს და იქ ეკონომიკური საქმიანობა გასწიოს, ეს ასე არ არის. თქვენ კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები და განახორციელეთ ეს დაჯარიმებები“,- განაცხადა კალაძემ.