თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ე.წ. სტაიანშჩიკების წინააღმდეგ მერია ფულად სანქციებსა და ჯარიმებს გამოიყენებს, თუ ისინი საჯარო პარკინგის ადგილებს თვითნებურად დაიკავებენ.ამის შესახებ ბითაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბითაძემ განმარტა, თბილისში არის ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ხდება პარკირების ადგილის შემოსაზღვრა ან დაკავება არაგონივრული ვადით.
„დაბევების თუ დაჯავშნის არაფორმალური მოდელი მუშაობს, რაც ბუნებრივია, არასამართლიანია, რადგან თბილისში არსებობს პარკირების საფასური და ადამიანები იხდიან გარკვეული დროის განმავლობაში. არავის არ აქვს უფლება, რომ ეს საჯარო საპარკინგე ადგილები, დაიბევოს, დაჯავშნოს ან მოახდინოს მათი დაკავება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს, როცა ვიზების გაცემა ხდება საპარკინგე ადგილებზე მუდმივად მდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან. ვფიქრობთ, ძალიან სამართლიანი იქნება, რომ ზედამხედველობის სამსახურმა და სატრანსპორტო კომპანიამ დროულად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რადგან საპარკინგე ადგილების არამართლზომიერი და არაგონივრული ვადით დაკავება არღვევს თბილისელების უფლებებს“, - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, საპარკინგე ადგილების თვითნებურად დაკავებისთვის სანქციები მოქმედი კანონმდებლობით არსებობს და ის აუცილებლად იქნება გამოყენებული შესაბამისი სამსახურების მიერ.
„ეს არის საპარკინგე წესების დარღვევა, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საპარკინგე ადგილებზე. საპარკინგზე ადგილების დაჯავშნა არღვევს მოქმედ წესებს და სანქციებია გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. მოხდება კანონის მთელი ძალით ამოქმედება და შესაბამისი სამსახურები ეფექტიანად აღასრულებენ იმ მუხლებს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ყველას აქვს უფლება ნებაყოფლობით აჩუქოს თანხა ნებისმიერ ადამიანს, თუმცა, არავის აქვს უფლება, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ყვითელი ფორმით ჩანან მთელ თბილისში, რომ უკანონოდ დაჯავშნონ ან დაიკავონ ის ადგილები, რომელიც ქალაქს გამოყოფილი აქვს საჯარო პარკინგისთვის. მათ წინააღმდეგ ჯარიმები, ფულადი სანქციები იმოქმედებს, - განაცხადა ბითაძემ.