ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მხოლოდ ავტოტრანსპორტი არ ყოფილა ატმოსფეროს დამაბინძურებელი, არამედ ის სამშენებლო ობიექტები, რომლებიც მრავლად არის ჩვენს ქალაქში,- ამის შესახებ ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში ნუგზარ ბუაჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვის" ორგანიზებით, თბილისში 10-მდე ლოკაციაზე დღის სხვადასხვა საათებში განხორციელდა.
ექსპერტის ნუგზარ ბუაჩიძის განცხადებით, კვლევის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტებიდან გამოიკვეთა მტვერი. "მტვერში გავზომეთ PM2,5 PM10, ანუ მტვრის მცირე ზომის ნაწილაკები, რომლებიც სამწუხაროდ, ადვილად ხვდება ადამიანის ორგანიზმში და მან შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს, ამ ნაწილაკების შედარებით მაღალი კონცენტრაციები აღმოჩნდა გმირთა მოედანზე და სამშენებლო ობიექტებთან. ამ კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტო ავტოტრანსპორტი არ ყოფილა ატმოსფეროს დამაბინძურებელი, არამედ ის სამშენებლო ობიექტები, რომლებიც მრავლად არის ჩვენს ქალაქში. ჩვენთვის საინტერესო იყო ამ მტვერში მძიმე მეტალების: ტყვიისა და კადმიუმის შემცველობის განსაზღვრაც. საბედნიეროდ, კადმიუმი არ აღმოაჩნდა, თუმცა აღმოჩნდა ტყვია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე 10-ჯერ ნაკლები. ეს არ ნიშნავს, რომ მტვერში ტყვია არა არის. სამწუხაროდ, ეს არის ისეთი ელემენტი, რომელიც ორგანიზმიდან ძალიან ძნელად გამოდის და შესაძლებელია ორგანიზმში მისი კონცენტრაცია თანდათან გაიზარდოს", - განაცხადა ბუაჩიძემ.
კვლევის ავტორების რეკომენდაციაა გაუმჯობესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობა, საწვავის ხარისხი, ქალაქში მოხდეს სამშენებლო ობიექტების შემცირება და ასევე რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარიანი და მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირი იყოს.
ასევე, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უკეთ შესასწავლად უფრო ფართომასშტაბიანი და მრავალწლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს.