კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
„არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყების შემთხვევაში, ადგილი არ ექნება მის არალერალურ გადინებას.
მისივე თქმით, კანონით მკაფიოდ დარეგულირდება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.
„ქვეყნისთვის მისაღები სარგებელი იქნება ძალიან დიდი. აქ საუბარია მხოლოდ მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე. არანაირ სხვა ბაზარზე აქ საუბარი არ არის და არ განიხილებდა ნედლი კანაფის გატანის საკითხი“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.