„გაჭედილი“ ნებართვები - რატომ შემცირდა ინვესტიციები მშენებლობის სექტორში 2,2-ჯერ

სამშენებლო კომპანიების შემდეგ პრობლემები სხვა ბიზნესებსაც შეექმნება

„მშენებლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-3 კვარტალში კიდევ უფრო შემცირდება, რაც სამომავლოდ სხვა სფეროებსაც შეეხება“, - ასე ეხმაურებიან სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ „მშენებლობის სექტორში გარკვეული შემცირება გვაქვს და დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი“.

თუმცა, კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა და რამ შეიძლება წაახალისოს ინვესტიციების შემოდინება სამშენებლო სექტორში, პრემიერს არ უსაუბრია.

ოფიციალური მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამშენებლო სექტორში, რომელსაც წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი უკავია, შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-2 კვარტალში წინასწარი მონაცემებით, დარგში 29,1 მლნ დოლარიის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 66,8 მლნ დოლარი იყო.

სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები დარგში ინვესტიციების შემცირებას, ძირითადად მშენებლობის ნებართვების გაცემის შეჩერებას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საკითხს არ გადაწყვეტს, მშენებლობის სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება.

„ახლა „გაიჭედნენ“ მშენებლები, მერე გაიჭედებიან სარემონტო კომპანიები, შემდეგ იმპორტიორები, ტექნიკისა თუ ავეჯის შემომტანი კომპანიები და ამას ჯაჭვური რეაქცია ექნება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკას დაარტყამს. საკმაოდ დიდი საინვესტიციო რესურსები არსებობს, ინევსტორები მზად არიან შემოვიდნენ და დააბანდონ ფული სამშენებლო სექტორში, მაგრამ იმის გამო, რომ სამშენებლო ნებართვები ფაქტობრივად არ გაიცემა, ინვესტორებიც თავს იკავებენ კაპიტალდაბანდებისგან.

სამშნებლო ნებართვების არგაცემა კი სხვადასხვა ნაბიჯების ერთობლიობამ გამოიწვია. გახსოვთ ალბათ, რომ ამ ხელისუფლების ყველა წინასაარჩევნო დაპირებაში ისმოდა, რომ ქალაქში ქაოტური მშენებლობები შეჩერდებოდა. ასეთი იყო საზოგადოების დაკვეთაც. შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეჩერებინა სამშენებლო ნებართვების გაცემის ქაოტური პროცესი და სანაცვლოდ, ფაქტობრივად არაფერი დაუპირისპირა. ამასობაში დრო გადის, კომპანიებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ, ვიღაცეები გაკოტრდნენ კიდეც...

ქაოტური პროცესის შეჩერება კარგია, მაგრამ დღეს ვხედავთ რომ საგანგაშო ვითარება გვაქვს - ფაქტობრივად ახალი პროექტი ვერ იწყება ნებართვების გაუცემლობის გამო. 2,2%-იანი ვარდნა რაც მე-2 კვარტალში გვქონდა ინვესტიციების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მაღალი იქნება მესამე კვარტალში. ამიტომ, მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დააბალანსოს პროცესი, რომელიც მშენებლობის ნებართვების გაცემასთან არის დაკავშირებული - სადღაც შეზღუდოს, სადღაც კი დაუშვას, თუნდაც პერიფერიებში. უნდა მივაღწიოთ რომ ნებართვები გაიცეს და ბიუროკრატია შემცირდეს, რადგან ერთი ფანჯრის პრინციპი ირღვევა ბოლო დროს. მშენებლობის გაჩერებას ერთი დღე სჭირდება, ამ პროცესის ხელახლა „დაქოქვას“ კი რამდენიმე წელი“, - აღნიშნავს „ბიზნესპრესთან“ საუბრისას, დეველოპერული კომპანია „არსის“ ფინანსური დირექტორი, თორნიკე აბულაძე.

მშენებლობის დარგში შექმნილი პრობლემები და ინვესტიციების შემცირება მოულოდნელი არ ყოფილა კომპანია „ბაუსტარის“ დამფუძნებლის, მალხაზ სოლომნიშვილისთვის, რომელიც ვითარების კიდევ უფრო გაურესებას ელოდება.

სოლომნიშვილი აღნიშნულის მიზეზად ასევე სამშენებლო ნებართვების „გაჭედვას“ და მთავრობის 41-ე დადგენილების ამოქმედებას უკავშირებს, სადაც საუბარია შენობის უსაფრთხოების მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.

„თუ ვითარება ძირეულად არ შეიცვლება სექტორში, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა შეიქმნება. ვითარება გასული წლიდან დამძიმდა, რაც ერთი მხრივ, გამოიწვია შეფერხებებმა დარგში. დაახლოებით, 8 თვის განმავლობაში 800 ობიექტზე მშენებლობის ნებართვა შეჩერებული იყო. ამდენ ობიექტზე ნებართვის შეჩერება კი ნიშნავს დაახლოებით, 80 ათასი ადამიანის 8 თვით უმუშევრად დატოვებას. ცალკე საკითხია კიდევ რატომ ვერ ხერხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა. მეორეს მხრივ ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“, რამაც ასევე გარკვეული გავლენა იქონია დარგზე, რადგან ამ დადგენილებამ გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება და ამ დადგენილების გამოც ფერხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა. თუ ხელისუფლებამ დროულად არ გადადგა სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი ნაბიჯები, არა მხოლოდ ეს დარგი, მთლიანად ეკონომიკა დაზარალდება“, - ამბობს სოლომნიშვილი.

თაია არდოტელი