ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო რეფორმის საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპენსიო რეფორმის საკითხები განიხილეს.

საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კონკრეტულად, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე მუშაობის მიმდინარეობის პროცესზე იმსჯელეს. საბჭოში შემავალი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ნებაყოფლობითი და სავალდებულო მონაწილეობის საპენსიო სისტემის კონცეფცია. "ვისაუბრეთ ამ კონცეფციასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე, გაიწერა სამუშაო გეგმა და განისაზღვრა 2014 წელს გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა", - აღნიშნა ოთარ ძიძიკაშვილმა.

საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია გასულ წელს შეიქმნა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეროვნული ბანკის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები შედიან.