"უნდა შეიქმნას საწარმო, სადაც პრეპარატებისა და კოსმეტიკული საშუალებებისათვის მარიხუანას გადამუშავება საქართველოშივე მოხდება"

“ქართული ოცნების“ დეპუტატის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პარლამენტი კანაფის მოყვანა-კულტივაციის ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისათვის მისი გადამუშავება საქართველოშივე მოხდება და ამ მიზნით სპეციალური საწარმო შეიქმნება.

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ექსპორტზე ნედლი მარიხუანას გატანაზე საუბარი არ არის.

“აქ უნდა გადამუშავდეს ნახევარფაბრიკატის ან საბოლოო პროდუქტის სახით - იქნება ეს ეთერზეთები, მედიკამენტები თუ კანაფისგან მიღებული სხვა პროდუქტი. უნდა მოხდეს კანაფის გადამუშავება და შემდგომ გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტი. ეს დეტალები ჯერ გადაწყვეტილი და კანონპროექტში ჩაწერილი არ არის. კითხვები და მოსაზრებები ჩვენც გვაქვს, გაიმართება მსჯელობა და კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რათა მომზადებულ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. პრინციპების დონეზე გვითხრეს, რომ მისაღებია პრინციპი, რაც ახლა დავასახელე. საქართველოდან ნედლი მარიხუანას ექსპორტზე საუბარი არ არის და ინიციატივას ამიტომაც ვუჭერ მხარს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.