„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საერთაშორისო პლატფორმაზე დიპლომატი თედო ჯაფარიძე წარმოადგენს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს ცნობილი ქართველი დიპლომატი, ელჩი თედო ჯაფარიძე შეუერთდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თედო ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მოადგილის პოსტზე დაინიშნა და მისი მომავალი საქმიანობის სფერო კონსორციუმის საგარეო ურთიერთობების კურირება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება გახდება.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის. გარდა იმისა, რომ იწყება საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო - სანაპირო სამუშაოები, ამავე დროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ხარისხობრივად ურთიერთობის ახალ ეტაპზეც გადავდივართ. “საუკუნის პროექტისთვის” გამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვალენელებს “, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის გუნდს თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აპარატში მუშაობის შემდეგ შეუერთდა, სადაც ის საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თედო ჯაფარიძის გამოცდილება დაახლოებით 40 წელს ითვლის.

„სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში და ა.შ. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. თედო ჯაფარიძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 300-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.