საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი სიღარიბეში ან მის ზღვარზე ცხოვრობს.მარტო ბოლო 2 წელიწადში ღარიბთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საყურადღებოა, რომ ღარიბ-ღატაკთა რიცხვის ზრდა უშუალოდ ლარის დევალვაციის პერიოდს ემთხვევა, რასაც სპეციალისტები უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ.
„იუნისეფის" კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა, ღარიბთა რიცხვმა კი 124 ათასი კაცით მოიმატა.
უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე – 3,3%-%ით. საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი მთელ ახლო სამეზობლოს, მათ შორის სომხეთსაც, ჩამორჩება. სომხეთში პენსია 230 ლარის ეკვივალენტია, ჩვენთან კი ამ ნიშნულს 2021 წლისთვისაც ვერ მიაღწევს, რადგან მთავრობის მიერ დაანონსებული მატების შემდეგ საბაზისო პენსია მხოლოდ 220 ლარი იქნება.
საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% - საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ია საშუალო კლასის წარმომადგენელი. ასეთია 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესებულია, რადგან მას შემდეგ დაიწყო ლარის თავბრუდამხვევი დევალვაცია და ფასების ზრდა. ეს კი აუცილებლად გამოიწვევდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადანაცვლებას ღარიბთა კატეგორიაში.
პროფესორი ვახტანგ ჭარაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ლარის დევალვაციამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა მოწყვლადი ჯგუფების გაღარიბებაზე. ინფლაცია შეჭირვებული ფენების სამომხმარებლო კალათისთვის ბევრად მძიმეა, ვიდრე ოფიციალურ მაჩვენებლებში ჩანს.
„ლარის გაუფასურება და მოსახლეობის გაღარიბება, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს, თანაც საერთაშორისო სტანდარტით. კოეფიციენტი იანგარიშება დოლარში და რადგან საქართველოში შემოსავალი ლარშია, გადაანგარიშების დროს ეს ხალხი, რასაკვირველია, მოხვდებოდა ღარიბ-ღატაკთა კატეგორიაში.
პენსიონერს, რომლის თვიური შემოსავალი 180 ლარია, დღეში 6 ლარი გამოსდის სახარჯოდ, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან დიდ ტვირთად დააწვა ლარის გაუფასურება. ამ ჯგუფის შემოსავალი არ გაზრდილა, ფასმა კი აბსოლუტურად ყველაფერზე მოიმატა.
სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია იზომება, არ ასახავს მოსახლეობის ცალკეული ფენების რეალურ მდგომარეობას. საშუალო მაჩვენებლით, სამომხმარებლო კალათაში შედის თვითმფრინავის ბილეთი, კურორტებზე დასვენება, კომპიუტერული ტექნიკა, თეატრის ბილეთი, მუსიკალური ინსტრუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ 69%-ს საერთოდ არ აინტერესებს. მათი ხარჯვითი ნაწილი საკვებზე, კომუნალურებსა და მედიკამენტებზე მოდის, რაც ძალიან გაძვირებულია.
ასე რომ, თუ კვლევა მოხდება ამგვარად და სტატისტიკა გვექნება ჩაშლილი სახით, აღმოჩნდება, რომ პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის ინფლაცია შარშან 7%-ზე გაცილებით მეტი იყო და წელსაც ვითარება უმძიმესია. მათზე წნეხი მეტია, მით უფრო, რომ ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის. ლარის დევალვაცია ყველას ბევრად უფრო მძიმე ტვირთად დააწვა, ვიდრე ეს ოფიციალურ მშრალ ციფრებში ჩანს", - აცხადებს „რეზონანსთან" ვახტანგ ჭარაია.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გაღარიბება და მონაცემები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ჩანს, ლარის გაუფასურების შედეგია, მიზეზი კი მთავრობისა და ეროვნული ბანკის უმოქმედობაა.
„ბოლო წლებში ნამდვილად გაიზარდა გაჭირვებული მოსახლეობის რიცხვი. ეს, რასაკვირველია, არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორის ბრალი. მთავარი ლარის გაუფასურებაა, რაც ზემოქმედებს მოსახლეობაზე. გარდა ამისა, ვერ შეიქმნა სამუშაო ადგილები და ვერ ამოძრავდა წარმოების რეალური სექტორიც. დიახ, ნამდვილად არის ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ იგი ვერ აღწევს მოსახლეობამდე. ეს ყველაფერი თავს იყრის ერთად და აისახება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.
მაშინ, როცა აწ უკვე ყოფილი პრემიერი და მისი გუნდი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში არიან ეჭვმიტანილი, უნდა ვთქვათ, რომ სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორებმა მოიტანა უმძიმესი შედეგები.
პათოსი, რომელიც მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგელებს ჰქონდათ, რომ ვალუტის დევალვაცია არ არის ცუდი მოსახლეობის ცხოვრების დონისთვის და იყენებდნენ სასაცილო ტერმინებს ("შოკუნიები" და სხვა მრავალი), ან სიბრიყვე და უმეცრებაა, ან კიდევ მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
როგორ შეიძლება, დევალვაციამ გავლენა არ მოახდინოს მსყიდველუნარიანობასა და ღარიბთა მდგომარეობის დამძიმებაზე. სწორედ ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასუხისმგებლობაა გაღარიბებული მოსახლეობის რიცხვის ზრდა. თუ ყველაფერი კარგად მიდიოდა, რაშიც ისინი გვარწმუნებდნენ, მაშინ რატომ მივიღეთ ეს შედეგი და თუ მივიღეთ, რა უფლებით განაგრძობენ მაინც საქმიანობას, რაც მოსახლეობას აზარალებს?
აქ ბევრი გაურკვეველი საკითხია, რომელიც წლების განმავლობაში ტაბუდადებულია და არ იციან არათუ მოსახლეობამ, არამედ სპეციალისტებმაც კი. გაგვაგებინონ, რეალურად რა ხდება ქვეყნის ცენტრალურ ბანკში!", - აცხადებს „რეზონანსთან" ავთო სილაგაძე.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"