ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი ამბობს, რომ შესაძლოა, ევროპის კავშირმა მთელ აფრიკულ კონტინენტს, თავისუფალი ვაჭრობა და ახალი საინვესტიციო ალიანსის შექმნა შესთავაზოს.
პლანეტის ყველაზე ღარიბ კონტინენტზე ცხოვრების დონის ასამაღლებლად, ევროკომისიის შეფი, სტანდარტული დახმარების ნაცვლად, თანაბარუფლებოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემხრობა. ევროპელები ეძებენ გზებს, რომ ორი კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკებს შორის განსხვავებები გადალახონ. სიღარიბე მილიონობით აფრიკელს ევროპაში მიგრირებისკენ უბიძგებს, რაც ძველ კონტინენტს დიდ პრობლემებს უქმნის.
იუნკერი ამბობს, რომ ის ესაუბრა აფრიკელ ლიდერებს და მათ ალიანსის შექმნა შესთავაზა, რაც მხარეებს მდგრადი ინვესტირების საშუალებას მისცემს. ამით კი თავის მხრივ, მომავალ ხუთ წელიწადში აფრიკაში დაახლოებით 10 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვება.
აფრიკის კონტინენტთან თავისუფალი ვაჭრობა ამ ეტაპზე ბევრ პრობლემას უკავშირდება. თუმცა დროთა განმავლობაში, ესეც შესაძლებელი გახდება. მანამდე კი მხარეებს შეუძლიათ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა, რომელიც კონტინენტებს შორის ვაჭრობაზე იქნება ორიენტირებული.
იუნკერი ამბობს, რომ აფრიკასა და ევროპას შორის ვაჭრობა არასდროს ყოფილა უმნიშვნელო - აფრიკის მთლიანი სავაჭრო მოცულობის 36 პროცენტი ევროპაზე მოდის. შედარებისთვის, შავი კონტინენტის ვაჭრობის მხოლოდ 16 პროცენტი ხორციელდება ჩინეთთან და 6 პროცენტი შეერთებულ შტატებთან. ეს ორი კი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკებია.
„მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩვენ შეგვიძლია არაერთი ევროპულ-აფრიკული შეთანხმება, ორ კონტინენტს შორის ტოლსწორ ეკონომიკურ პარტნიორობად გადავაქციოთ“, - ევროპის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა იუნკერმა.
მერაბ ლორთქიფანიძე