საქართველოსა და ჩეხეთს შორის შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობებია.
ჩემი ვიზიტი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება. ჩვენ უკვე განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ბიზნესის ცალკეულ სექტორებში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ჩეხეთის კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში თბილისსა და ბათუმში ელექტრო ავტობუსების მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, „ენერგო პროს“ მსგავსად, ამ ბაზარზე ოპერირებით. ჩემთან ერთად საქართველოში 25 მეწარმეა ჩამოსული, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებითაა დაინტერესებული. ჩვენ განვიხილეთ ჩეხურ „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების შესაფერის ლოკომოტივებს აწარმოებს. აღნიშნული ლოკომოტივები მოემსახურება როგორც ქართულ რკინიგზას, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმებას,” - განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.