ჩინეთს მიაჩნია, რომ მსოფლიო სავაჭრო სისტემა არასრულყოფილია და მის რეფორმას ემხრობა.
ჩინეთის მთავრობის აზრით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) უნდა შეეძლოს უფრო სამართლიანი და ეფექტური სავაჭრო ურთიერთობათა ხელის შეწყობა.
ჩინეთს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა და ცდილობს, რომ მისთვის მტკივნეული საკითხების ნაწილი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დახმარებით გადაწყვიტოს. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა მხარს უჭერს მრავალმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და თავისუფალ ვაჭრობას.
მსოფლიო სავაჭრო სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზე, ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა ვან იიმ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ახლანდელი სავაჭრო სისტემა სრულყოფილია. ჩინეთი მხარს უჭერს აუცილებელ რეფორმებს და არსებული სისტემის დახვეწის აუცილებლობას. მათ შორის, WTO-ს რეფორმას, რაც მას უფრო სამართლიანს, ეფექტურს და რაციონალურს გახდის“, - ამბობს ვანი. მისივე თქმით, WTO-ს საბაზისო პრინციპები, რომლებიც პროტექციონიზმის წინააღმდეგია და თავისუფალ ვაჭრობას უჭერს მხარს, უნდა გაძლიერდეს იმითაც, რომ უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული განვითარებადი ქვეყნების ინტერესები.
ჩინელი დიპლომატის მოსაზრებით, WTO-ს რეფორმა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ყველა მხარეს თანაბარი უფლებები ჰქონდეს და ორგანიზაციაში მხოლოდ „ერთ პიროვნებას არ უნდა უსმენდნენ“.
მერაბ ლორთქიფანიძე