მთავრობის განკარგულებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არსებული დავალიანებებისგან გათავისუფლდება.
საუბარია, ფინანასთა სამინისტროს წინაშე არსებულ დავალიანებაზე, რომელიც 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით 96 მილიონ 684 ათას ლარს შეადგენს.
თუმცა, როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, კომპანია ფინანსთა სამინისტროს წინაშე არსებული დავალიანებისგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ყაზტრანსგაზსა“ და საქართველოს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავა საქართველოსთვის ხელსაყრელი მორიგებითა და ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება; ასევე „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გათავისუფლდება „ყაზტრანსგაზისა“ და intergas finance bv-ს წინაშე არსებული 133 739 35 ლარის ოდენობის დავალიანების გადახდისგან და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული WALTBAY LTD-ი შეიძენს.
ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.
რაც შეეხება „ყაზტრანსგაზსსა“ და საქართველოს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავას, შეგახსენებთ, რომ კომპანია საქართველოსგან მიყენებული ზიანის 187 მილიონ 902 ათას 597 დოლარის ოდენობით და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს. "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას. მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად, ვეღარ მონაწილეობს.