საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, კახეთში, სხვადასხვა მიმართულების სამუშაოების შესრულების ხარისხი და მიმდინარეობა შეამოწმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება, მინისტრის მოადგილემ, პრობლემურ სამუშაოებს დაუთმო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დეტალურად განიხილა და დასახა პრობლემების დაუყოვნებლივი აღმოფხვრის ღონისძიებები.
„რამდენიმე დღის წინ ვიყავით შიდა ქართლში, სადაც წარმატებულ პროექტებთან ერთად ვნახეთ ვითარება პრობლემურ ობიექტებზე და დავსახეთ ვითარების გამოსწორების კონკრეტული გზები. სამწუხაროდ, არც ისე მცირეა მსგავსი შემთხვევები, როცა კონტრაქტორი კომპანიები, სხვადასხვა მიზეზით, ვერ ახერხებენ დადგენილ ვადებში და შესაბამისი ხარისხით პროექტების დასრულებას. გვინდა, რომ სიტუაცია მოკლე დროში რადიკალურად შევცვალოთ. ამიტომ, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავალებით, მონიტორინგის ჯგუფი, მშენებლებთან, საზედამხედველო კომპანიებთან, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება პროექტების მიმდინარეობას, რაც არ იძლევა მოდუნების საშუალებას და აჩენს რწმენას, რომ ჩვენი მოქალაქეების მოლოდინი აუცილებლად გამართლდება - ყველა პრიორიტეტული პროექტი დაიწყება და დასრულდება დადგენილ ვადებში და ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვით“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
მხოლოდ კახეთის რეგიონში 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 145-ზე მეტი პროექტი და 35 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები დაფინანსდა.