გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ”კოლხური ხოხბის აღდგენის პროექტს” გაეცნენ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, კოლხური ხოხბის აღდგენის პროექტს გაეცნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გასაცნობად დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

მათ ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციის მიერ დაარსებული კოლხური ხოხბის საშენი დაათვალიერეს.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად ”კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსების" პროექტი შეიმუშავა, რომელიც კომპანია "ბრითიშ პეტროლეუმის” (BP), მისი პარტნიორი კომპანიების, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ასევე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მთავარი მიზანია კოლხური ხოხბის გამრავლება და მეხოხბეობის, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება.

პროექტის ხელმძღვანელებმა ბუნებიდან ველური ხოხბის კვერცხები ამოიღეს და მათი ინკუბაცია ხოხბის საშენში მოახდინეს. დღეისათვის ვოლიერებში 100 ზრდასრული და 150-მდე ლაპი იმყოფება.

პროგრამის ფარგლებში იგეგმება ანალოგიური კოლხური ხოხბის საშენების მოწყობა სამ სამონადირეო მეურნეობაში.