„ყველა ექსპორტიორ კომპანიას მოვუწოდებ, განათავსონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება ახალ ონლაინ პლატფორმაზე"

ყველა ექსპორტიორ კომპანიას მოვუწოდებ, განათავსონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება ახალ ონლაინ პლატფორმაზე,- ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა და წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ონლაინ პლატფორმის www.tradewithgeorgia.com პრეზენტაცია წარუდგინეს.

ახალი ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ქართველ მეწარმეებსა და სერვისის მიმწოდებლებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქცია/სერვისები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებს გააცნონ. საიტის მიზანია, დაინტერესებული პირებისთვის ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა გამარტივდეს.

"დღეს ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს ვთავაზობთ ახალ პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება მთელ მსოფლიოს აჩვენონ. სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბევრ ენერგიას დახარჯავს იმაში, რომ საიტი გახდეს გლობალური და ჩვენ ამის პოპულარიზაციისთვის შესაბამისი ბიუჯეტიც გვაქვს.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პლატფორმაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტის 27%-იანი ზრდა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პლატფორმა www.tradewithgeorgia.com ექსპორტის ზრდას კიდევ უფრო შუწყობს ხელს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.