MYVIDEO.GE-მ ექვსი ქართული არხი - „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯი-დი-ეს-ი“, „კომედი არხი“ და „მარაო“ გათიშა.
აღნიშნულთან დაკავშირებით MYVIDEO-ს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მომხმარებლებო, როგორც იცით 6 ქართული ტელეარხი ( რუსთავი 2, იმედი , GDS, მარაო, კომედი არხი, მაესტრო ) გახდა ფასიანი. მათი მოთხოვნით ჩვენს მომხმარებლებს მათი ყურებისთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 1.5 ლარი, ან ჩვენ სრულად უნდა გაგვეთიშა 6-ვე არხის მაუწყებლობა. იქიდან გამომდინარე, რომ Myvideo-მ უარი თქვა მომხმარებლებისთვის გადასახადის დაწესებაზე, ჩვენ, 2018 წლის 12 სექტემბრიდან ტელეარხების მოთხოვნის საფუძველზე გავთიშეთ მათი მაუწყებლობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ ჩვენმა მილიონობით მომხმარებელმა ვებგვერდ Myvideo.ge-ზე მიიღოს მისთვის სასურველი და საინტერესო კონტენტი მომავალშიც,“-აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარია, ქართული სატელევიზიო სივრცის 6 ტელეარხის მოთხოვნაზე, რომ მათ ტრანსლირებაში MYVIDEO-ს თანხა გადაეხადა. გასული წლის მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების - „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" - კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტსივრცეში.
წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებს აღნიშნული ორგანიზაციისთვის უნდა მიემართათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებოდათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში MYVIDEO.GE-მ ამ არხებსა და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციასთან „მედია რაითს ჯორჯიასთან" სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ განაცხადა.