საქართველოს თამბაქოს ბაზარზე 16 ადგილობრივი მწარმოებელი და 21 იმპორტიორია

მიმდინარე წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში თამბაქოს იმპორტიორი 21 და 16 ადგილობრივი მწარმოებელი ფიქსირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან მოაწოდეს.

მათივე ცნობით, გადამხდელთა რეესტრი მომზადებულია იმ გადამხდელთა მიხედვით, რომელთაც 2017 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე უფიქსირდება აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ თამბაქოს ნაწარმზე (იმპორტი, ადგილობრივი წარმოება) აქციზური მარკის გატანა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 14 სექტემბრის მდგომარეობით, იმპორტიორებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება უფიქსირდება მხოლოდ ორ პირს; დავალიანების ჯამური ოდენობა კი 78 261.99 ლარია.

რაც შეეხება ადგილობრივ მწარმოებლებს, მათგან 5 პირს აქვს დავალიანება, თანხის ჯამური მოცულობა კი - 51 352 115.24 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ფინანასთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ერთ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით 51  717 000 ლარი დაუგროვდა, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.