2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება.
აქედან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 2 146.4 მლნ აშშ დოლარს (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი) შეადგენს.
ამასთან, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 508.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 13.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 455.8 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.2 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 751.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (24.3 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.4 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 206.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 21.4 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 34.0 პროცენტით განისაზღვრა.
2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 025.6 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 51.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 744.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა (23.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.3 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 770.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.9 პროცენტი იყო,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორების სამეული კი ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (298.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (280.6 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (182.4 მლნ აშშ დოლარი). ხოლო ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (939.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (599.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (582.5 მლნ აშშ დოლარი).
საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 121.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (879.8 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (727.3 მლნ აშშ დოლარი).
„მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 319.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 14.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 243.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 230.4 მლნ აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმაც 576.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 389.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 259.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.