წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამის გამო „შრომის ანაზღაურების“ მუხლში იქმნება ხელოვნური ეკონომია, რომელიც ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე სხვადასხვა ტიპის მატერიალური წახალისების სახით.
„სამინისტროში საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვისას არ ხდება უწყებაში ფაქტობრივად შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გათვალისწინება და გეგმური საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა. აღნიშნულის შედეგად, წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ რაოდენობას. 2017 წელს ვაკანტური პოზიციები საშუალოდ წარმოადგენდა 18%-ს, რის გამოც, „შრომის ანაზღაურების“ მუხლში იქმნება ხელოვნური ეკონომია, რომელიც ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე სხვადასხვა ტიპის მატერიალური წახალისების სახით“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროში ჯამში 390 ვაკანტური ადგილი იყო.
კერძოდ, ცენტრალურ აპარატში საშტატო განრიგით 228 პირი უნდა ყოფილიყო დასაქმებული, თუმცა რეალურად დასაქმებული იყო 180, ხოლო ვაკანტური იყო - 48 ადგილი. სააგენტოში საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 1813 პირი, რეალურად დასაქმებული იყო 1563 პირი, ვაკანტური კი 250 ადგილი იყო. ასევე, რეგულირების სააგენტოში საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 174 პირი, რეალურად დასაქმებული იყო 148 თანამშრომელი, ხოლო ვაკანტური იყო 26 ადგილი. სამინისტროს ფონდში საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 563 პირი, რეალურად დასაქმებული იყო 525 პირი, შესაბამისად, ვაკანტური იყო 39 ადგილი. რაც შეეხება დახმარების ცენტრს, აქ საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 76 ადამიანი, რეალურად დასაქმებული იყო 49 პირი, ხოლო ვაკანტური იყო 27 ადგილი.
აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე მოხდეს საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების ფონდის რეალური ოდენობით განსაზღვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულებისა და შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ეკონომიების არსებობა.