Apple-მა ირლანდიას გადაუხდელი საურავებისთვის 14,3 მლრდ ევრო გადაურიცხა

კორპორაცია Apple-მა 14,3 მილიარდი ევრო გადარიცხა ირლანდიის ხელისუფლების მიერ სპეციალურად შექმნილ დეპოზიტურ ანგარიშზე, რომელიც გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათებისთვის ერთგვარ კომპენსაციას წარმოადგენს.

ამის შესახებ ირლანდიის სახელმწიფო ხარჯების, რეფორმების და ფინანსთა მინისტრმა პასკალ დონოჰიუმ ტელეკომპანია RTE -ის განუცხადა. მათ შორის არის ვადაგასული გადასახადები 1,2 მილიარდის ოდენობით.

დონოჰიუს განცხადებით, ირლანდიის ხელისუფლება კვლავინდებურად არ იზიარებს ევროკომისიის აზრს „Apple-ის საქმესთან“ დაკავშირებით და ამ პოზიციას სასამართლოშიც იცავდა.

2016 წლის აგვისტოში ევროკომისიამ Apple-ს მოსთხოვა აანაზღაუროს გაუმართლებელი საგადასახო შეღავათებით მიყენებული ზარალი. ევროკომისიის მონაცემებით, 2003- 2014 წლებში Apple იხდიდა მხოლოდ 1%-ის გადასახადს, მაშინ როცა ირლანდიაში მოქმედებდა 12,5-იანი გადასახადი.

ეს კი იმის გამო მოხდა, რომ Apple-ის პროდუქციის ევროპის გაყიდვების უმეტესობა დარეგისტრირებული იყო ირლანდიაში, სადაც განთავსებულია კომპანიის ევროპის ცენტრალური ოფისი და არა იმ ქვეყნებში, სადაც ყიდდა ის საკუთარ პროდუქციას. ეს საგადასახადო სისტემა კი კომპანიას აძლევდა უფლებას, არ გადაეხადა მოგების გადასახადი.

ირლანდიის ხელისუფლება ევროკომისიის დასკვნებს არ დაეთანხმა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კომპანიისთვის არ შეუთავაზებია რაიმე განსაკუთრებული პირობები და კორპორაცია მოქმედებდა ევროკავშირის კანონმდებლობის სრული დაცვით.

კოკა კვირკველია