„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიები მაშინ, როცა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ"

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიებიმაშინ, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, სულ გაცემულია 61 795 ლარის პრემია.

„დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიები: ცენტრალურ აპარატში - 59 595 ლარი, სააგენტოში - 2 200 ლარი, სულ 61 795 ლარი. შედეგად, დარღვეულია მთავრობის №449 დადგენილება, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

სააგენტოში, ფონდსა და დახმარების ცენტრში დანამატების გაცემის ფორმალური საფუძველია ხელმძღვანელის ბრძანება, რომელიც ეფუძნება კონკრეტული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათს. დახმარების ცენტრისა და ფონდის მოხსენებით ბარათებში ყოველთვიურად გამოყენებულია ერთი და იგივე სტანდარტული ტექსტი, ხოლო სააგენტოში მოხსენებითი ბარათები არ არის შედგენილი კონკრეტული პირების მიხედვით და მოიცავს დეპარტამენტის შესრულებულ სამუშაოებს ერთიანად;

თანამშრომელთა სამუშაო დროის მკაცრი აღრიცხვის სისტემის ფორმა (ტაბელი) არ იყო დამტკიცებული. ამასთანავე, წარმოდგენილ ტაბელებში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური მუშაობის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს 2017 წლის 28 დეკემბრის N01/79953 წერილით მოთხოვნილია ცენტრალური აპარატის და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ასიგნებების გაზრდა იმ პროგრამების აუთვისებელი რესურსის ხარჯზე, რომელთა ათვისებაც წინა წელსაც დაბალი იყო.

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ოთხი პროგრამის შესრულების მაჩვენებელი 2016 წელსაც დაბალი იყო, მაგრამ 2017 წელს საბიუჯეტო განაცხადით ამ პროგრამებისთვის მაინც წინა წლის ანალოგიური თანხაა მოთხოვნილი, რომლის ხარჯზეც წინასაახალწლოდ პრემიები გაიცა.

პროგრამის - „დიპლომშემდგომი სამედიცინო განათლების” - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 1 მილიონ ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 645 600 ლარი.

პროგრამის - „შრომის ბაზრის ანალიზის, ინფორმაციული სისტემის დანერგვა/განვითარება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 785,000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 261,000 ლარი.

პროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 676,000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 180,000 ლარი.

პროგრამის - „შრომის პირობების ინსპექტირება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 575,000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 92,400 ლარი.

პროგრამის - „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 2 014 000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 200 000 ლარი.