ჯეკ მა: აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობა 20 წელს გასტანს

ინტერნეტ კომპანია „ალიბაბას“ შეფი ჯეკ მა ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა დაახლოებით ორ ათეულ წელს გაგრძელდება და ორივე მხარეს ძლიერ დააზარალებს.

ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე, საბაჟო ტარიფად 10 პროცენტი დააწესა, რაზეც ჩინეთი საპასუხო ქმედებით იმუქრება. და ეს ხდება იმის ფონზე, რომ მხარეები ერთმანეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.

„ალიბაბას“ ინვესტორთა კონფერენციაზე გამოსვლისას, მამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში, ჩინურის გარდა, უცხოური კომპანიებიც დაზარალდებიან. მისი ვარაუდით, ჩინური კომპანიები საკუთარ წარმოებას საზღვარგარეთ გაიტანენ, რათა გაზრდილ ტარიფებს თავი დააღწიონ.

„შეიძლება ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომში დამარცხებული დარჩე. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ჩინური ბიზნესი სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს. იმ შემთხვევაშიც, თუ დონალდ ტრამპი წავა, ეს სიტუაცია მაინც გაგრძელდება. ჩვენ ახალი სავაჭრო წესები გვჭირდება, აუცილებელია WTO-ს მოდერნიზაცია“, - ამბობს მა, ვინც ახლახანს გამოაცხადა, რომ ერთ წელიწადში გადადგება და კომპანიის მართვის სადავეებს, ახლანდელ მთავარ აღმასრულებელ დანიელ ჟანს დაუთმობს.

სხვათა შორის, შარშან მა პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა და დაპირდა, რომ ამერიკაში 1 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა. მათი უმეტესობა, „ალიბაბას“ პლატფორმაზე მომუშავე მცირე მოვაჭრეებზე მოვიდოდა.