"სავაჭრო ბრუნვის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურება"

სასიხარულოა, რომ 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტითარის გაზრდილი,კონკრეტულად ექსპორტის მაჩვენებელი კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 27,1 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ვაჭრობის ზრდა ევროკავშირთან.

„სავაჭრო ბრუნვა ამ მიმართულებით 25.2%-ით არის გაზრდილი და 1 644.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 27.5%-ია“, - ასე აფასებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდაში გარკვეულ როლს საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებაც ასრულებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც ამ დროისთვის მოქმედებს. მალე ამოქმედდება კიდევ ერთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჰონგ-კონგთან და ვფიქრობ ესეც დადებით გავლენას მოახდენს აღნიშნული მიმართულებით. ვფიქრობ, სავაჭრო ბრუნვის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებაც. ეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დაა მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს-პარტნიორების მოძიებისა და საერთაშორისო ბიზნეს-კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პლატფორმას ბიზნესი აქტიურად იყენებს. ჩვენ ყოველწლიურად საქართველოში და საზღვარგარეთ 20-მდე ბიზნეს-ფორუმს ვუწევთ ორგანიზებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოძიების კუთხით ბიზნესს სხვადასხვა მომსახურებას ვთავაზობთ. მოხარულნი ვართ, თუ ამ გზით გარკვეული წვლილი შეგვაქვს ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციის დამყარებაში“, - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.