კომპანია Amazon-ი განიხილავს გეგმას, რომელიც 2021 წლისთვის 3 ათასი ავტომატიზირებული მაღაზიის გახსნას ითვალისწინებს.
გეგმის მიხედვით, აღნიშნულ მაღაზიებს არც გამყიდველი ეყოლება და არც მოლარე. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, Amazon-მა პირველი მსგავსი მაღაზია სიეტლში მიმდინარე წლის იანვარში გახსნა, ახლა კი ამავე ქალაქს კიდევ ორი მსგავსი პუნქტი დაემატა და ერთიც ჩიკაგოში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, იმისათვის, რომ შეხვიდეთ ამ მაღაზიაში, საჭიროა დააყენოთ უფასოდ აპლიკაცია სმარტფონზე და დაანათოთ ის აღმრიცხველ მოწყობილობას. ამის შემდეგ მყიდველს შეუძლია აიღოს ნებისმიერი მისთვის სასურველი პროდუქტი და დატოვოს მაღაზია. მაღაზიის დახლებზე დაყენებული სკანერების საშუალებით კი შესყიდვები ავტომატურად დაფიქსირდება და მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა ავტომატურად მოიჭრება. მათზე უარის თქმაც მარტივად შეიძლება პროდუქციის კვლავ დახლზე დაბრუნებით.
კოკა კვირკველია