სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს (CAT) შესაძლოა, ეროვნული გამოცდები შეერწყას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ეროვნულ გამოცდებში 2020 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.
„შეიძლება რაღაც დონეზე ეს გამოცდების სტრუქტურულ ცვლილებასაც გულისხმობდეს. თვითონ გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ცვლილებას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. დაჯდომა და სერიოზული მოფიქრებაა საჭირო, რა როგორ უნდა მოხდეს. მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას. CAT-ის გამოცდა იქნება თუ მისაღები გამოცდები, ამის ერთობლიობა შეიძლება. გამოცდა, რომელიც არ არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული და მხოლოდ ბარიერის გადალახვას გულისხმობს და ძალიან მალე მოხდება მიღებული ცოდნის ჩამოშლა, არაფერში სჭირდება ბავშვს. მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამდენი გამოცდა. რეორგანიზაცია ამ მიმართულებით ნამდვილად არის საჭირო, თუ როგორ, ამას სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. არ გამოვრიცხავ CAT-ის და ეროვნული გამოცდების შერწყმა მოხდეს. ჩემი მოსაზრებით, სწორედ რომ კარგი იქნება ბავშვებს გამოცდების რაოდენობა შევუმციროთ, ოღონდ გავზარდოთ ხარისხი და უნარები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შექმნან ისეთი ამოცანა, რომლის გადაწყვეტილების უფლებამოსილებით თვითონ იქნებიან აღჭურვილი და არც სხვა კომპონენტებზე დამოკიდებული“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.