ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.

"მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი. აღნიშნული პროცესის ტემპი დამოკიდებულია ეკონომიკური აქტივობისა და მოთხოვნის გაჯანსაღების სისწრაფეზე. ეროვნული ბანკი კვლავაც მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის საჭიროება, თუმცა არსებული პროგნოზებით ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება. შესაბამისად საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციის მაჩვენებლის ეტაპობრივ მატებაზე მიუთითებს და მოსალოდნელია, რომ 5-6 პროცენტიან მიზნობრივ დონეს იგი 2014 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. მაისში მთლიანმა სფი ინფლაციამ 2.4% შეადგინა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ექსპორტის ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია, რაც საგარეო მოთხოვნის შესუსტებაზე მეტყველებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 13 აგვისტოს გაიმართება.