სერჟ სარგსიანი: სომხეთის საბაჟო კავშირში წევრობა ქართველი მეწარმეებისთვისაც პერსპექტივის მომტანი იქნება

”საქართველო, 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გახდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი, გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის”.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

"ჩვენ დიდ შეფასებას ვაძლევთ ამ ვიზიტს. საქართველოში გვქონდა საუბრები პრაქტიკულ თემებზე, განვიხილეთ ორი ქვეყნისათვის საინტერესო საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ხორცი შევასხათ იმ პერსპექტივებს, რომლებიც გააჩნია ჩვენს ქვეყნებს", - განაცხადა სარგსიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის სამუშაოები, რომლებიც უკვე განხორციელდა სომხეთის მხრიდან.

"განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ ურთიერთობაზე ეკონომიკის სფეროში საქართველოსთან. მე მჯერა, რომ საქართველო, რომელიც 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, გახდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი. სომხეთის წევრობა კი საბაჟო კავშირში, იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სომხეთში", - აღნიშნა სარგსიანმა.